საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით იორდანიას ეწვია

25-26 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ეწვია იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა განიხილეს ორმხირივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზები. მიღწეულ იქნა შეთანხმება კავშირების გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობა, ტურიზმი, საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიები.

მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ახლო მომავალში თბილისში გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა სენატის პრეზიდენტს ფეისალალ-ფაეზს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველ მოადგილეს ხამის ატიას, ორივე პალატის საქართველო-იორდანიის მეგობრობის ჯგუფების წევრებს. შეხვედრა გაიმართა ასევე სამეფო კარის საგარეო-პოლიტიკურ  საკითხთა დეპარტამენტის დირექტორთან ჰაიფაალ-ხრეიშასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები. გამოითქვა სურვილი მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

ქართულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა იორდანიის სამეფოს როლს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. განსაკუთრებით აღინიშნა ჰაშემიტური სამეფოს ძალისხმევა სირიელი ლტოლვილების შეფარებაში. თავის მხრივ, იორდანიამ ყველა შეხვედრისას დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების სურვილი.

დავით დონდუამ ინტერვიუ მისცა იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „პეტრა“-ს, სადაც ისაუბრა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ვიზიტი ფართოდ გაშუქდა იორდანულ მედიაში.