საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„უვიზო რეჟიმი საქართველოსადმი ევროკავშირის ნდობისა და მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ მესიჯს წარმოადგენს“ - ვახტანგ მახარობლიშვილი

12.02.2020 სტრასბურგი- ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები შედეგია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს მთავრობისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას უვიზო მიმოსვლის დადებითი სტატისტიკა.

მახარობლიშვილის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოდან 1 მილიონზე მეტი უვიზო ვიზიტი განხორციელდა, რაც ცხადყოფს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უვიზო რეჟიმის წესებს ემორჩილება. თუმცა, არსებობს საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი, რომლებიც ბოროტად იყენებენ უვიზო რეჟიმს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოსაძიებლად.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების დარეგულირების მიზნით. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინა უვიზო მიმოსვლის დარღვევის პირველ ნიშნებზე: დაიგეგმა სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანია; შეიქმნა შენგენის მობილური აპლიკაცია;  წევრ ქვეყნებში წარიგზავნა პოლიციის ატაშეები; შეთანხმდა ერთობლივი საოპერაციო მოქმედებები“- განაცხადა მახარობლიშვილმა. 

გამოსვლისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ოფიციალურად აღიარების და თავშესაფრის მაძიებლების შემცირების საკითხებს. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, ევროკავშირის/შენგენის  16 ქვეყანამ  საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.