ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოელ ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი
I. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების (შემდგომში ჟურნალისტების) მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტაციის გავლის პროცედურას.   2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციას ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.   3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებულ ჟურნალისტთა სამართლებრივი მდგომარეობა და პროფესიული მოღვაწეობა რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით «სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ», «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ», «საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა დროებითი შესვლის, ყოფნისა და საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შესახებ» და ამ წესით.

თავი II.  აკრედიტაციის გაცემის წესი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტაცია შესაძლებელია გაიარონ უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა:ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო, კინო და დოკუმენტური პროგრამების ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა და რედაქტორებმა, ტექნიკურმა პერსონალმა. 

2. ჟურნალისტის აკრედიტაცია შესაძლებელია გრძელვადიან, დროებით და სპეციალურ საფუძველზე.

ა) გრძელვადიანი აკრედიტაცია გაიცემა 1 წლის ვადით.ბ) დროებითი აკრედიტაცია გაიცემა 3 თვემდე ვადით.გ) სპეციალური აკრედიტაცია გაიცემა კონკრეტული მოვლენის გასაშუქებლად.

3. აკრედიტაციის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელობის წერილობითი თხოვნა მისი ჟურნალისტის აკრედიტაციის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება ჟურნალისტის სრული სახელი და გვარი; მისი პასპორტის ნომერი; მოქალაქეობა; დაკავებული თანამდებობა; საქართველოში სტუმრობის მიზანი და პერიოდი; ჟურნალისტის მისამართი საქართველოში და საზღვარგარეთ;ბ) ჟურნალისტის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური სააკრედიტაციო ფორმა, რომელსაც შეიმუშავებს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი (ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე); გ) 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3სმX4სმ;დ) ჟურნალისტის სამსახურებრივი მოწმობის ასლი;ე) ჟურნალისტის პასპორტის იმ გვერდის ასლი, სადაც მითითებულია პასპორტის ნომერი, გაცემისა და მოქმედების ვადა და ადგილი;ვ) ჟურნალისტის ავტობიოგრაფია;

4. ამ თავის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წერილობით აცნობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლობას ამის შესახებ და 5 დღის ვადაში სთავაზობს სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენას. შეტყობინება შესაძლებელია გაგზავნილ იქნას აკრედიტაციის ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

6. აუცილებლობის შემთხვევაში,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და/ან ჟურნალისტი მოიწვიოს გასაუბრებაზე.

7. ჟურნალისტისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმა, გაცემული აკრედიტაციის შეჩერება და/ან გაუქმება  დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ყალბ მონაცემებს;ბ) სააკრედიტაციო ბარათი გადაცემულია სხვა პირზე;გ) წარმომადგენლის მიერ დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა.

8. გრძელვადიანი აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 30 სამუშაო დღის ვადაში ყველა სათანადო დოკუმენტის მიღების შემდეგ.

9. დროებითი აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 14  სამუშაო დღის ვადაში ყველა სათანადო დოკუმენტის მიღების შემდეგ.

10. სპეციალური აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ყველა სათანადო დოკუმენტის მიღების შემდეგ.

11. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჟურალისტს გადაეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი.

12. აკრედიტაციის ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე, წარმომადგენელი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმეორებითი აკრედიტაციის მისაღებად.

13. აკრძალულია ვადაგასული სააკრედიტაციო ბარათის გამოყენება.

14. გაცემული სააკრედიტაციო ბარათის ასლი (თანდართული დოკუმენტაციით) დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

15. სააკრედიტაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (10 სამუშაო დღის ვადაში). დუბლიკატის გაცემის საკითხი განიხილება ორი კვირის განმავლობაში.

თავი III. სააკრედიტაციო ბარათის ფორმა და ტექნიკური აღწერილობა

1. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აკრედიტებულ ჟურნალისტს გადასცემს  სააკრედიტაციო ბარათს.2. სააკრედიტაციო ბარათი ორმხრივი და ფერადია. მასზე გამოსახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ლოგო3. სააკრედიტაციო ბარათზე მითითებულია შემდეგი მონაცემები:

ა) ჟურნალისტის სახელი და გვარი;ბ) სააკრედიტაციო ბარათის ნომერი;გ) მედიის სახელი, რომელსაც წარმოადგენს ჟურნალისტი;დ) სააკრედიტაციო ბარათის მოქმედების ვადა.

4. სააკრედიტაციო ბარათზე განთავსებულია ჟურნალისტის ფოტო.

5 სააკრედიტაციო ბარათი ხელმოწერილია პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

1. ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება აკრედიტებულ ჟურნალისტს თავისი პროფესიული ვალდებულებების განხორციელებაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული ჟურნალისტები სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით, გარდა იმ ზონებისა, სადაც შესვლა დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ